კონრად ლორენცი

კონრად ლორენცი

კონრად ლორენცი

თარგმნა ლამარა ნაროუშლმა

ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა

ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებისმეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი კონრად ლორენცი წიგნში „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“ განიხილავს დეჰუმანიზაციის პროცესებს, რომლებიც განადგურებას უქადის არა მარტო დღევანდელ ცივილიზაციასა და კულტურას, არამედ მთელ კაცობრიობას... ესაა უპირველესად ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება, ადამიანის შეჯიბრი საკუთარ თავთან, ძლიერ გრძნობათა გაქრობა, გენეტიკური რღვევა, ტრადიციისაგან მოწყვეტა, ბირთვული იარაღი და სხვა.

ოპტიმისტური წინასიტყვაობა

წინამდებარე ნაშრომი დავწერე ჩემი მეგობრის, ედუარდ ბაუმგარტენის დაბადების სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი საუბილეო კრებულისათვის. თავისი ხასიათით იგი არ შეეფერება არც ასეთ სასიხარულო ფაქტს და არც იუბილარის ნათელ ბუნებას, რადგან იგი, გულახდილად რომ ვთქვათ, უფრო იერემიასებური მოთქმა-გოდებაა, მთელი კაცობრიობისადმი მიმართული მოწოდებაა მონანიებისა და შემობრუნებისათვის, რომელიც სახელმოხვეჭილი ვენელი ავგუსტიანელის, აბრაამ სანტა კლარასნაირ საეკლესიო მქადაგებელს უფრო შეეფერება, ვიდრე ბუნების მკვლევარს. მაგრამ ჩვენ ისეთ ხანაში ვცხოვრობთ, როცა რაიმე ხიფათს სწორედ ბუნების მკვლევარი ხედავს ყველაზე ცხადად და ქადაგებაც, მაშასადამე, მისი მოვალეობაა.
ჩემმა ქადაგებამ, რომელიც რადიომ გადასცა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამან ძლიერ გამაოცა. უთვალავი წერილი მივიღე: მოითხოვდნენ ჩემი გამოსვლის დაბეჭდვას. ბოლოს, უახლოესმა მეგობრებმა კატეგორიულად მომთხოვეს, ნაშრომი ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გამეხადა.
ყველაფერი ეს უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩემს ნაშრომში გამოხატული პესიმიზმი გამტყუნებულიყო: კაცს, რომელსაც ეგონა, რომ უდაბნოსა შინა მღაღადებლისა მსგავსად, არავინ მოუსმენდა, თურმე უშქარი და, თანაც, გამგები მსმენელის წინაშე უქადაგია! უფრო მეტიც: ნაწერის გადაკითხვისას ზოგი ფრაზა გაზვიადებულიც კი მეჩვენა. დღეს ისინი აღარ შეესაბამება სიმართლეს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ გვერდზე მიწერია, რომ ეკოლოგია მეცნიერებაა, რომლის მნიშვნელობა ჯერაც არ გვესმის ჯეროვნად. დღეს ამის მტკიცება მართლაც აღარ შეიძლება, რადგან ჩვენს ბავარიულ „ეკოლოგიურ ჯგუფს“ პასუხისმგებელ ინსტანციებში უსმენენ და მათ აზრს ყურადაც იღებენ. მოსახლეობის სიჭარბისა და ზრდის იდეოლოგიის საფრთხე გონიერ და პასუხისმგებელ ადამიანთა ფართო წრემ სწორად შეაფასა. სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგების წინააღმდეგ მიღებულია ზომები, რომლებიც თუმცა საქმეს ჯერ ვერ შველიან, მაგრამ იმედს გვიტოვებს, რომ მომავალში უკეთესი მდგომარეობა იქნება.
სხვა თვალსაზრისითაც მინდა ჩემს ნათქვამში სასიამოვნო შესწორებანი შევიტანო. ბიჰევიორისტული დოქტრინის განხილვისას მე ვწერდი, რომ მას შეერთებული შტატებისათვის მორალური და კულტურული კატასტროფის საფრთხის შექმნაში აშკარად დიდი ბრალი მიუძღვის. ამასობაში თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაისმა არა ერთი ენერგიული ხმა ამ ცრუმოძღვრების წინააღმდეგ. მართალია, მათ ყველა საშუალებით ებრძვიან, მაგრამ ეს ხმები ყურად იღეს. ჭეშმარიტება კი მხოლოდ მაშინ შეიძლება დიდი ხნით ჩაახშო, თუ მას დაამუნჯებ. ამერიკიდან მოსული ჩვენი დროის ეპიდემიური ინტელექტუალური დაავადებანი ევროპაში დაგვიანებით იფეთქებს ხოლმე. ამერიკაში ბიჰევიორიზმი ცხრება, ევროპელ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს კი სწორედ ახლა შეეყარათ ეს სენი. შეიძლება დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ეს ეპიდემიაც ჩაივლის.
 დასასრულ, მინდა თაობათა შორის მტრობის საკითხშიც მცირე შესწორება შევიტანო. თუ ახალგაზრდობა პოლიტიკურად არ არის წაქეზებული, ან საერთოდ არ დაუკარგავს უნარი უფროს ადამიანს რამე დაუჯეროს, გულისყურით მოგისმენს, როცა ფუძემდებლურ ბიოლოგიურ ჭეშმარიტებებზე ესაუბრები. სავსებით შესაძლებელია, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაარწმუნო იმ ჭეშმარიტებაში, რომლის შესახებაც ამ წიგნის მეშვიდე თავში გვექნება მსჯელობა.
მიუტევებელი ქედმაღლობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმას, რაც თავად დარწმუნებით ვიცით, სხვას კარგად ვერ გავაგებინებთ. ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, ბევრად უფრო ადვილად გასაგებია, ვიდრე, მაგალითად, ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვა, რომელსაც ყოველი ზედა კლასის მოწაფე სწავლობს. ყოველი საფრთხე ნაკლებ საშიშია, თუ მისი გამომწვევი მიზეზები ვიცით. მეც მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ეს პატარა წიგნი თავის მცირე წვლილს შეიტანს იმ საფრთხეთა შემცირებაში, კაცობრიობას რომ ემუქრება.

კონრად ლორენცი
ზეევიზენი, 1972

 

1. ცოცხალ სისტემათა სტრუქტურული თავისებურებები და დარღევევები

\
II. ჭარბი მოსახლეობა


III. სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება


IV. შეჯიბრი საკუთარ თავთან


V.  გრძნობის გაცივება 


VI. გენეტიკური რღვევა

 

VII. ტრადიციისაგან მოწყვეტა


VIII. ინდოქტრინაცია

სრულად გამოიცემა ახლო მომავალში.

გაზიარება: